Sunday, May 30, 2010

ძველი და ახალი თაობა 30 მაისის არჩევნებზე


საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მიხედვით არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. 1991 წელს, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები წლევანდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პირველად იღებენ მონაწილეობას. ასეთი საქართველოში 89 091 ადამიანია.

მთაწმინის რაიონის ნომერ 10 საარჩევნო უბნის რეგისტრატორი ეკა კამკამიძე აღნიშნავს რომ დღის განმავლობაში ზოგადად აქტიურობა ახალგაზრდებში საკმაოდ მაღალი იყო:

”ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ჩართული.აქტიურობენ რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა მე თვითონაც ახალგაზრდა ვარ და მიკვირს ასეთი აქტივობა”.

თორნიკე ნიკვაშილი მათ შორისაა, ვინც 30 მაისს პირველად დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. თორნიკე თვლის, რომ როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეს, მის ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს:

“ეს არის ჩემი პირველი არჩევნები და ვიხდი ჩემ მოქალაქეობრივ ვალს. იმედი მაქვს ჩემი ხმით რაღაც შეემატება ამ ქვეყანას და უკეთესობისაკენ წავა ჩემი ქვეყნის ბედი. ჩემი მეგობრებიდან ყველა მიდის არჩევნებზე, ყველას აქვს იმის განცდა რომ თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში”.

ანი რუსიშვილი 18 წლისაა. ისიც პირველად მივიდა საარჩევნო უბანზე. არჩევნებზე წასულიყო თუ არა ამაზე ბევრი არ უფიქრია:


”პირველი არჩევნებია ჩემთვის და რავიცი კმაყოფილი ვარ, ჩემი აზრით აუცილებელია და ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გამოიყენოს საარჩევნო უფლება და არ უნდა დაკარგოს”.

მურთაზ ლიპარტელიანი 77 წლის პენსიონერია. მანაც დააფიქსირა საკუთარ არჩევანი დილით ადრე და შემდეგ გარედან, ახლო მდებარე ბაღში ადევნებდა თვალს საკუთარ საარჩევნო უბანში მიმომსვლელებს.
ამბობს რომ ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო:

”გეტყოდნენ აი კაი კაცია, მიდიოდი და აძლევდი ხმას. საარჩევნო უბნებზე ზეიმი იყო, ქეიფი და დროს ტარება. ხალისი იყო თავიდან ბოლომდე”.


ელისაბედ დოკვაძე 68 წლისაა. 1991 წლის დამოუკიდებლობამდე მასაც არაერხელ მოუწია ხმა მიეცა მისთვის სრულიად უცნობი კანდიდატისთვის, ფაქტიურად არჩევანის გარეშე:

”კომუნისტების დროს ნამდვილად არც ვიცოდით ვის ვირჩევდით. მივდიოდით და ხმას ვაძლევდით ვისაც გვეტყოდნენ. ვუსურვებ ახალგაზრდებს ყოველთვის სამართლიან გარემოში ეცხოვროთ და სამართლიან არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა”.

ის თუ როგორი არჩევანი გააკეთეს 30 მაისს ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებმა, მომავალი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
შორენა კოპალეიშვილი
სოფო დათიშვილი
ნინო ანანიაშვილი